მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც "ბორჯომის" და "ნაბეღლავის" მინერალურ წყლებზე კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა 3-ჯერ იზრდება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, "ბორჯომის" მინერალური წყლისთვის დადგენილი მოსაკრებელი 1 კუბ.მ წყალზე 10 ლარს, ხოლო "ნაბეღლავზე" - 6 ლარს შეადგენს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ეს ოდენობა 3-ჯერ იზრდება და "ბორჯომის" შემთხვევაში 1 კუბ.მ-ზე - 30 ლარი, ხოლო "ნაბეღლავის" შემთხვევაში - 18 ლარი ხდება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტო".
"აღნიშნული მინერალური წყლები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნით და კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა. ამასთან, მიწისქვეშა წყლები, როგორც ბუნებრივი რესურსი, ამოწურვად რესურსს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ მათი მოპოვებისთვის ისეთი მოსაკრებელი განისაზღვროს, რომელიც მის ღირებულებას და მოთხოვნასთან მიმართებაში ადექვატური იქნება. გასათვალისწინებელია, რომ მოსაკრებლის თანხა თითოეულ ჩამოსხმულ ბოთლ წყალზე მისი ღირებულების საკმაოდ მცირე პროცენტს შეადგენს და შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა მწარმოებელი კომპანიების ფინანსურ ხარჯებზე არსებით გავლენას არ მოახდებს", - განმარტავს მთავრობა.
კანონპროექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან არის დაგეგმილი და, როგორც ინიციატორები აცხადებენ, ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოსაკრებლის შეცვლილ ოდენობებს მომზადებულები შეხვდნენ.