"საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო პარამეტრები ფაქტობრივად, 100%-ით შესრულდა", - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აღინიშნა, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გასულ წელს, მთლიანმა შიდა პროდუქტმა 26,1 მლრდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1,8 მლრდ ლარით აღემატებოდა. ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი იყო 3,5%-ის მოცულობით, თუმცა წლის განმავლობაში მიღებულმა ცვლილებებმა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 2,9%-მდე შეამცირა.
შემოსულობების მოცულობა 2012 წლის შესრულების ანგარიშის შესაბამისად 8 004 006,1 ათასი ლარია, რაც დაზუსტებული გეგმის მონაცემზე 1,9%-ით ნაკლებია. გადასახდელების მოცულობა კი დაზუსტებულ გეგმაზე 3,5%-ით ნაკლებია.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2012 წელს სოციალურ სფეროზე დაიხარჯა ერთი მილიარდ 617 მილიონი ლარი, განათლებაზე - 652 მლნ. ლარი, ჯანდაცვის სფეროში - 372 მლნ. ლარი, ეკონომიკური საქმიანობა - 958 მლნ. ლარი, დასვენება, კულტურა, სპორტი - 196 მლნ. ლარი, თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 712 მლნ. ლარი და ა.შ.
როგორც გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, 2012 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში მოხდა. შესაბამისად, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მოიცავს პროგრამების შესრულების ინფორმაციას ცალკეული მხარჯავი ერთეულების პროგრამების მიხედვით.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან ბერძენიშვილმა წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ "პრაქტიკულად ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება გვაქვს სახეზე, რაც ძალიან პოზიტიურია".
როგორც დეპუტატები აცხადებენ, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ წარმოდგენილ ანგარიშში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდებიდან გახარჯული თანხების შესახებ.