საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტმა ბოლომდე არ გასწირა თავისი გუნდის წევრები, რომლებიც საეჭვოდ არიან მოხვედრილი პარლამენტში".
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის - "შესაძლებელია თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?" - საპასუხოდ განაცხადა.
"ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი. ამ ინიციატივით სახელისუფლებო კრიზისი უნდა შეიქმნას, რომელსაც ჩვენ ვერ შევქმნით, რადგან თავად ვართ უმრავლესობაში. ჩვენ თვითონ ვერ დავითხოვთ და ამას ხელოვნურად არ გავაკეთებთ. ამის საშუალება ჰქონდა პრეზიდენტს და იმის მაგივრად, რომ ეს გამოეყენებინა, მუდამ გვაკრიტიკებს. ქუჩაში გამოვიდა 19 აპრილს და ვის ელაპარაკება თავადაც არ იცის. 19 აპრილის დემონსტრაციაზე გამოდის პრეზიდენტი და აკრიტიკებს მთავრობას. ეს იყო იუმორი და ამ დროს აპრილში, პირველიდან ბოლომდე, მას ჰქონდა ამის საშუალება, რომ მთავრობა დაეთხოვა. ის ოპოზიციის ლიდერია, ამავდროულად პრეზიდენტია და უკმაყოფილოა ახალი ხელისუფლებით და ჩემით. გამოვიდა და ვიღაცას უჩივის, ანეგდოტური სიტუაცია იყო. მას შეეძლო დაეთხოვა მთავრობაც და პარლამენტიც და შეეძლო დაენიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მას ამის კონსტიტუციური უფლება ჰქონდა. არ გამოიყენა, რადგან ბოლომდე არ გასწირა თავისი გუნდის წევრები, რომლებიც საეჭვოდ არიან მოხვედრილი პარლამენტში. ხმების ის პროცენტი, რაც მათ მიიღეს, კითხვებს ბადებს. დღევანდელი რეიტინგი მათი არის 4%-მდე. გამოვიდა პრეზიდენტი და ხალხთან ჩიოდა მიშველეთო. არადა, ხალხმა მას მისცა ეს უფლებები. მერაბიშვილი, მე მგონი, საკუთარ თავს მოუწოდებდა, რომ ევროპულ ფასეულობებს ეცით პატივიო. აბა, მე რას მომიწოდებდნენ და ჩემს გუნდს?", - განაცხადა ივანიშვილმა.