საია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას ეხმაურება, რომელიც მან ვაზაგაშვილის შესახებ ისაუბრა.
"აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ "ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად". ამ ფრაზის თქმით, იგი ვაზაგაშვილს დანაშაულის ჩადენას აბრალებს. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს არ ასახავს. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ის გარემოება ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის დანაშაული, შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. პრეზიდენტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ "ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად", გამოძიებით მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება. ასევე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. შესაბამისად, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ტიპის გამონათქვამები აღნიშნული საქმის გამომძიებლების მიერ შესაძლებელია გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმებოდეს. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი ზემოაღნიშნული გამონათქვამები გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. საია, ზურა ვაზაგაშვილის მშობლების მომართვის საფუძველზე, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.