საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ნათია გოგსაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის მიმართ ჟურნალისტების გიორგი ფარესაშვილისა და ელისო კილაძის ბრალდებებს შეეხებოდა.
"გამოძიება გრძელდება. ის, რომ ელისო კილაძე და სხვები აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი უნდა გადადგეს, ამას არ აქვს არავითარი საფუძველი ან გია ხუხაშვილს რაღაც უნდა მიესაჯოს. მე ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, კარგად გაერკვნენ სიტუაციაში. ჯერ არანაირი ბრალდება არ არის წარმოდგენილი მათი მხრიდან და აჟიოტაჟი გრძელედება რამდენიმე კვირაა. ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდა ზუსტად გელა ხვედელიძე. მის წინააღმდეგაც მათ არავითარი საბუთი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ როგორც ჩანს, ის სუსტი პიროვნება აღმოჩნდა და გამოიყენა ის მასალები, რომელიც მოპოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ და შესაბამისად, დაისჯება კიდეც. ჟურნალისტები და ცალკეული პიროვნებები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს და რატომ. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი მასალა. იმ აუდიოჩანაწერში არაფერი დანაშაულებრივი არ არის, გარდა იმისა, რომ "რუსთავი 2" ამახინჯებს ამ ჩანაწერებს. რასაც საუბრობს, მიაწერს გელა ხვედელიძეს. თქვენ ჟურნალისტები არა ხართ მხოლოდ სხვისი აზრის გამხმოვანებლები. როდესაც სხვის აზრს გადმოსცემთ, თქვენ ხდებით თანამონაწილე იმავე კითხვის. არცერთი მასალა იმისა, რომ გია ხუხაშვილი, გელა ხვედელიძე ან გია ხუხაშვილი უნდა დაისაჯონ, არ წარმოუდგენიათ და მათ მოუწევთ ამ საბუთების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუხაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მათაც მოუწევთ პასუხისგება. დღეს არავითარი საფუძველი არ არსებობს გარდა ამისა, რომ გარკვეული ნაწილი ჟურნალისტებისა, ამას ცდილობენ და "ნაციონალური მოძრაობა" ამას ახურებს იმისათვის, რომ ვინმე გადადგეს თანამდებობიდან. გელა ხვედელიძე შეეწირა მათ შანტაჟს. გამოძიებაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ძალიან აქტიურობდა ლაშა ნაცვლიშვილიც. ორიცე ძალიან ღირსეულად მოიქცნენ. გია ხუხაშვილს უკვე დაურეკეს ელისო კილაძემ და სხვებმა და უთხრეს, შენთან უკვე აღარ გვაქვს პრეტენზიაო. გაათავისუფლეს გია ხუხაშვილი. გიამ უპასუხა, რა ვქნა ახლა, მადლობა გადაგიხადოთო, თუ როგორ მოვიქცეო, ამდენი ხანია, ტალახს მესროდითო. თქვენ ჟურნალისტები როდესაც სვამთ ასეთ კითხვებს, უნდა გადადგეს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი, რისთვის უნდა გადადგეს? თქვენ თვითონ მიპასუხეთ, სადაა ამის საფუძველი? რა შუაშია ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომა, იმიტომ რომ, ელისო კილაძეს სურს? თქვენ არა ხართ ფოსტალიონი ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით ჟურნალისტი. კითხვას როდესაც სვამთ, თქვენ ხართ მონაწილე და ვალდებული, ამ კითხვის გამეორების, თქვენ ხომ სუფლიორი არა ხართ?! ე.ი. ელისო კილაძე თუ იტყვის, უნდა გავანთავისუფლოთ მთელი მთავრობა ხვალ? ესაა ჩვენი ჟურნალისტიკა?! თქვენ რომ თქვათ, მეც უნდა გადავდგე?!", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.