პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და წევრები შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა და მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და წევრები უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
"ქვეყნისთვის საფრთხედ არ მივიჩნევ იმას, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. ვცდილობ მათ განცხადებებზე აღარ მქონდეს ხოლმე რეაქცია, მათ შორის პრეზიდენტის გამონათქვამებზე, რომელიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს და მტკიცებულების სახით ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა 2 მილიონი გადაიხადა ციხის კადრებში. თუ გნებავთ კიდევ ერთი მაგალითი ავიღოთ -რესტორანში რაღაც ჩხუბი მოხდა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ის მაშინვე შეაფასეს პოლიტიკურ დევნად, მაშინ როცა, როგორც ვიცი (თუმცა არაფერს ვამტკიცებ), ქეიფისას ვიღაც ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. ასეთი გამონათქვამებით ისინი არა თუ საკუთარ პარტიას უკეთებენ დევალვაციას, არამედ საკუთარი პიროვნების დევალვირებას ახდენენ. ფასი აღარ აქვთ მათ ნათქვამებს _ შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან მთლიანად მათი ლიდერიც და წევრებიც", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს და პარლამენტში ერთპარტიული სისტემა შეიქმნას, პრემიერის თქმით, ამ შემთხვევისთვის "ქართულ ოცნებას" "თადარიგი დაცული აქვს".
"ჩვენ გვაქვს ამის თადარიგი დაცული. კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია და თუ გარე ძალა არ იქნება, ბუნებრივი პროცესი განვითარდება – პარტიები გაიშლებიან და თვითონ მოახერხებენ ერთმანეთში ოპონირებას", - განმარტა პრემიერმა, რომლის თქმითაც, პარლამენტს გარეთ რეალურ ოპოზიციურ ძალას ჯერჯერობით ვერ ხედავს.