გელა ხვედელიძე დაექვემდებარება კანონმდებლობას და მოიხდის იმ სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ხვედელიძე არ იყო "ქართული ოცნების" რიგითი წევრი და მისი დაკავებით ახალმა ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა საკუთარ ხელწერას – კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
"იცით, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. ის, რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, დაექვემდებარება კანონდემებლობას და მოიხდის იმ სასჯელს, რასაც კანონით იმსახურებს. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ხვედელიძე არ იყო ჩვენი გუნდის რიგითი წევრი, არჩევნების პროცესში ძალიან აქტიური იყო და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, პრაქტიკულად უწევდა კოორდინაციას მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ განვმარტო _ ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენი ხელწერა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი და კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვან პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურას "საფუძვლიანი კითხვები და ეჭვები აქვს".
"ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას აქვს საფუძვლიანი შეკითხვები და საფუძვლიანი ეჭვი. გამოძიება გრძელდება და წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. ვფიქრობ, კულტურულად მოიქცა სოფლის მეურნეობის მინისტრი, როცა გამოძიების დასრულებამდე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა", - აღნიშნა პრემიერმა.