საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან შეხვედრებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თებერვალში, ბიბლიოთეკაში მომხდარი პრეცედენტის შემდეგ დღევანდელი ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს, შანტაჟზე აიყვანოს ჩვენი საზოგადოება, ეს არ ხერხდება, რამეთუ საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა რეალობა.
"მე ხაზი მინდა გავუსვა უნივერსიტეტებში სტუდენტთა თავდაჭერილობას, პრეზიდენტის ვოიაჟის დროს, რა ჰქონდა სათქმელი, კამერები არ შეუშვეს მგონი შიგნით, ინფორმაცია ნაწილობრივ გამოვიდა. ჩემი აზრით, ინტრიგებს ეძებენ, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან სწრაფად ისწავლა მათი ახალი ხერხები, იმის შემდეგ რაც ოპიზიციაში გადავიდნენ და ასეთ მახეებში აღარ ებმება და მოთმინებით ეკიდება ხშირად არაკორექტულ გამონათქვამებს ოპოზიციის მხრიდან", - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მოთმინებისთვის და ევროპული სახის ჩვენებისთვის.