ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს "ასოშიეთიდ პრესის" ხელმძღვანელობა ქვეყნის ხელისუფლებას სააგენტოს ჟურნალისტების სატელეფონო საუბრების მოსმენაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. საინფორმაციო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, გერი პრუიტის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის აპრილ-მაისში 20-ზე მეტ სატელეფონო ხაზზე, რომლებზეც 100-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობს, განხორციელებული გამავალი ზარების მონაცემები ჩაიგდო ხელთ. ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა ხელისუფლებამ შემავალი ზარების მონაცემებიც.
"ხელისუფლებას არა აქვს უფლება, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებმა კონფიდენციალურ წყაროებთან სატელეფონო საუბრის მეშვეობით მიიღეს", - განაცხადა ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.
აშშ-ის ხელისუფლება არ განმარტავს, რა მიზნით სჭირდებოდა განხორციელებული ზარების მონაცემები. თუმცა, სააგენტო ეჭვობს, რომ საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც 2012 წლის 7 მაისს გადაცემული ამბების შესახებ მიმდინარეობს.
"ასოშიეთედ პრესმა" მაშინ იემენში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გატარებული ოპერაციის შესახებ გადასცა, რომელიც "ალ ქაიდას" შეთქმულების გახსნაში დაეხმარა. ტერორისტული დაჯგუფება 2012 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ამერიკული თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა.