პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უსაფრთხოებისთვის უფრო მაღალი სტანდარტები უნდა დაინერგოს.
ამის შესახებ სესიაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მინდა, მწუხარება გამოვთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალებისა და დაჭრის გამო და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს. უსაფრთხოების სრულყოფილი გარემოს შექმნა ზოგადად და განსაკუთრებით ავღანეთში შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ და დავნერგოთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ავღანეთში ჩვენი სამხედროებისა და ბაზების დაცვისთვის. ღმერთმა დაიცვას ჩვენი სამხედროები", - წერს სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად 3 ჯარისკაცი - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.