შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ჯერ უცნობია, რომელ საათზე წარუდგენენ ოფიციალურად ბრალს მინისტრის ყოფილ მოადგილეს. გელა ხვედელიძე ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები იზოლატორთან იმყოფებოდნენ, თუმცა ხვედელიძის ადვოკატი ადგილზე არ გამოჩენილა.
ამ დრომდე უცნობია ადვოკატის ვინაობა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავა, რაც პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს.
გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
გამორიცხული არ არის, მინისტრის ყოფილ მოადგილეს ოფიციალური წარდგინებისას ბრალი დაუმძიმონ. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი კი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.