მსოფლიო ბანკმა საქართველოს მიწის მართვის სისტემის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა , რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ექსპერტები დაესწრნენ.
კვლევა "მიწის მართვის შეფასების სისტემა საქართველოში" ქვეყნის მასშტაბით მიწის მართვის გაუმჯობესების და მის შეფასების სისტემის მონიტორინგს ითვალისწინებდა. ის მიზნად ისახავს მიწის მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლას და შეფასებას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მიწის რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და საქმიანობის მონიტორინგი.
კვლევა ხუთი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობდა, ესენია სახელმწიფო მიწის მართვა, მიწის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი და ინსტიტუციური მიდგომა, მიწათსარგებლობის დაგეგმვა და დავების განხილვა და მართვა.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სატყეო მეურნეობასთან, მსხვილმასშტაბიანი მიწების შესყიდვებთან, მიწათმფლობელობის საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მსოფლიო ბანკის ექსპერტისა და პროექტის კოორდინატორის, დავით ეგიაშვილის განცხადებით, კვლევა პრაქტიკულად მოიცავდა მიწის და უძრავი ქონების ყველა ასპექტს. ეს არის ურბანული მიწების, სასოფლო მიწების პოლიტიკა, ინსტიტუციური და იურიდიული მანდატი, დავების მოგვარება და ა.შ. შესაბამისად კვლევის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა ბევრი მიმართულება, რომელშიც საქართველო საკმაოდ წარმატებულია, ასევე ბევრი ის მიმართულება, რაც დამუშავებას და გაუმჯობესებას საჭიროებს.
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მნიშვნელობას დღეს ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ. როგორც ეკა კერესელიძემ არნიშნა, საჯარო რეესტრში მიმდინარეობს რეფორმების შემდეგი ეტაპი და შესაბამისად, რეფორმების განხორციელების პროცესში სააგენტო მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის წარმოდგენილი.