"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძის აზრით, შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის, როგორც მაღალი თანამდებობის პირის მიმართ ბრალი 157-ე მუხლის იმ ქვეპუნქტით უნდა დაკვალიფიცირდეს, რომელიც რიგით მოქალაქეებთან შედარებით "უფრო მძიმე პასუხისმგებლობას" ითვალისწინებს.
როგორც კოჟორიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხვედელიძის მიერ ჩადენილ ქმედებას ყველაზე მეტად 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ასახავს.
"ვფიქრობ, ქმედება, რომელიც ხვედელიძემ ჩაიდინა, უნდა დაკვალიფიცირდეს არა 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ მესამე ნაწილით, რადგან ის ეხება თანამდებობის პირის მიერ დანაშაულის ჩადენას და უფრო მძიმე პასუხსიმგებლობას ითვალისწინებს. თუ ძიება სწორედ ამ მუხლის აღნიშნული ნაწილით დაიწყება, ვფიქრობ, ეს იქნება არსებული სიტუაციის სწორი შეფასება და მაშინ, როცა კანონში ეს მუხლი არსებობს, არ არის საჭირო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების მუხლის დამატებით წარდგენა მის მიერ ჩადენილი ქმედების დასაკვალიფიცირებლად", - აღნიშნა კოჟორიძემ.
სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გელა ხვედელიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გუშინ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
შს მინისტრის მოადგილე ბრალდებულია ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, თუმცა მისი გავრცელება მოხდა შს მინისტრის მოქმედი მოადგილის მეშვეობით.