საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს.
როგორც განათლების მინისტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების დღევანდელ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, ეს ცვლილებები თანხვედრაშია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან და ბოლონიის პროცესთან.
"მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი, რომელმაც 19 აპრილს ევროპასთან დაახლოების მიტინგი მოაწყო ამ ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს. საქართველოში მუშაობს არასწორად აგებული სისტემა, რომლის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება არის რეგენტთა ინსტიტუტი, რომელიც იყო აუცილებელი იმ სისტემაში. საქართველოში სახელმწიფო უმაღლესები აბსურდში არიან, ისინი არიან სამთავრობო-არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი აბსურდის უფრო ევროპულ ცივილიზებულ ჭრილში გადასაყვანად ვახორციელებთ ამ ცვლილებებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს პრეზიდენტს მიმართეს, რომ ვეტო დაადოს 19 აპრილს, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს.
როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, ცვლილებების თანახმად, მთავრობას უნივერსიტეტის დაუკითხავად შეეძლება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეუცვალონ.
ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ განაცხადა, ამ ცვლილებებით უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება.
"ამ ცვლილებებით იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომია. ეს ცვლილებები პარლამენტმა 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, უნივერსიტეტისა და მისი საბჭოების უკითხავად შეუცვალონ სახელმწიფო უნივერისიტეტებს იურიდიული ფორმა, ანუ კერძო სამართალის სუბიექტის სტატუსი შეიცვალოს საჯარო სამართლის სუბიექტის სტატუსად. ეს ფაქტი, რომ ამ შესწორებით უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება, იწვევს ჩვენს წუხილს. ამიტომ, პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ, რომ დაადოს ვეტო ამ ცვლილებებს", - განაცხადა გიგი თევზაძემ.