დავით ბერძენიშვილი:    თქვენ არ იყავით, რომ ვერ გამოგიყვანეთ დსთ-დან?!

დავით ბერძენიშვილი: თქვენ არ იყავით, რომ ვერ გამოგიყვანეთ დსთ-დან?!

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ჩადებული სანქციების შერჩევით გამოყენებაში დაადანაშაულა .

როგორც დეპუტატმა გუშინდელ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა, არაერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნული კანონის დარღვევით ნამყოფია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდგომ ჩამოვიდა თბილისში, აიღო ინტერვიუ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ "არ დააპატიმრეს და ორი წლით ციხეში არ გამოკეტეს, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა". "თქვენი გადასაწყვეტი იყო, ვინ - ციხეში, ვის - ჯარიმა და ვის - ტაშის დაკვრა", - მიმართა ბერძენიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

ბერძენიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები იმ ასობით რიგით ადამიანს ეხება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფნი არიან, რომელთაც ამ ტერიტორიებთან მიმართებაში დაწესებული რეჟიმის თაობაზე არაფერი იცოდნენ და რომელთა უმრავლესობას საქართველოს მიმართ არანაირი მტრული განწყობა არ აქვს.
დებატებისას ბერძენიშვილმა ოპონენტებს მათი ხელისუფლების პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის რამდენიმე ეპიზოდიც გაახსენა.

"სააკაშვილის მმართველობის ბევრი წლის განმავლობაში თქვენ არ იყავით, რომ ვერ გამოგიყვანეთ დსთ-დან და ყოველ ექვს თვეში უგრძელებდით მანდატს რუს სამშვიდობოებს?!", - მიმართა უმცირესობას დავით ბერძენიშვილმა.