შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირები განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დააკავეს.
"2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 54 მლნ ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას. ამ პროექტისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 50 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა შპს "მექანიზარტორს" დაევალა. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა კონტროლის კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს "მექანიზატორის", ისე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობოს პირები. სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკის მქონე ტექნიკაში უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით 10 000 ევრო. იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორების და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დახმარებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 500 000 ლარი. მხილებულმა პირებმა დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისიხლის სამართლის საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის",- განაცხადა გიორგობიანმა. მისივე თქმით, სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.