აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენისას ჩააგდო. პაკეტი, რომელსაც უმრავლესობამ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა და მარტის დასაწყისში გამართულ სესიაზე 77 ხმით, 14–ის წინააღმდეგ მიიღო, დღევანდელ სხდომაზე შედეგით: - 46 - მომხრე, 44 - წინააღმდეგი ვერ გავიდა. პროექტის მიღებას 59-ხმიანი ქვორუმი სჭირდებოდა.
კენჭისყრას საკითხის განხილვა და ხანგრძლივი პოლემიკა უძღოდა წინ. აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის ინიციატივას დღევანდელ სხდომაზე კრიტიკოსები უმცირესობის გარდა, უმრავლესობის რიგებშიც გამოუჩნდნენ.
კერძოდ, როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, ინიციატივა საკმარისად მომზადებული არ იყო, საჭიროებდა დამატებით მუშაობასა და კონსულტაციების გაგრძელებას და იმ სფეროების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენას, რომელთაც აღნიშნული აკრძალვა შეეხებოდათ. უმრავლესობაში გამოითქვა შიშიც იმის თაობაზე, რომ კანონის მიღება ბიზნესის ამ სეგმენტის გარდა, სარეკლამო ბაზარსაც სერიოზულად დააზარალებდა.
თავის მხრივ კობა დავითაშვილისთვის ყველაზე მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის, თუ რატომ გახდა მის მიერ წარდგენილი ინიციატივა უმრავლესობის წევრებისთვის კონცეპტუალურად მიუღებელი ახლა, როცა საკითხი პრინციპების დონაზე მიღებული და მხარდაჭერილი იყო. დავითაშვილი საკითხის განხილვისას დაინტერესდა, "თუ რა შეიცვალა პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე". მან პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაპირველად პროექტის კენჭისყრის ხვალინდელი სხდომისთვის გადადება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება იმ არგუმენტის საფუძველზე შეცვალა, რომ ინიციატივის მოწინააღმდეგე კოლეგებთან ამ თემაზე კონსულტაციებს აზრი არ ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პროექტის მიმართ პოზიცია 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ "კობა დავითაშვილი კაზინოებთან დაკავშირებით ზედმეტად აქტიურობს".
"მინდა, გავიხსენო კობა დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა. მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნის და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეთ და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი და პარლამენტის მიერ დღეს უარყოფილი პაკეტის თანახმად, აკრძალვები 2014 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.