31 მაისისთვის დაგეგმილ გამოსამშვიდობებელ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ "მილანი" და კალაძის ქართველი და უცხოელი მეგობრებისგან დაკომპლექტებული გუნდი ითამაშებენ.
როგორც კახი კალაძემ ენერგეტიკის სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება "მილანის" ყველა ის ფეხბურთელი, რომლებთანაც 10 წლის განმავლობაში ითამაშა და ბევრ წარმატებას მიაღწია. მათ შორის იქნებიან მალდინი, კოსტაკურტა, შევჩენკო, ალბერტინი, ნესტა და სხვები.
"რაც შეეხება მეორე გუნდს, რომელიც ითამაშებს "მილანის" წინააღმდეგ, იქ იქნებიან ჩემი მეგობრები, არამარტო ქართველი ფეხბურთელები, არამედ უცხოელები, მათ შორის კიევის "დინამოდან", "ჯენოადან", ასევე იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებთანაც ვმეგობრობ",-აღნიშნა კალაძემ.
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩის შემდეგ კი, ბერას კონცერტია დაგეგმილი.