სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
"2013 წლის 23 აპრილს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2013 წლის 19 აპრილს თბილისში გაუჩინარდა დაღესტნელი მოჯაჰედი - მაგამედ მაგამედოვი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე მაგამედ მაგამედოვის მეგობრებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის საკუთარი ინიციატივით შესწავლა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი პერმანენტულად მიადევნებს თვალყურს მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების მიმდინარეობას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.