ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის მიაჩნია, რომ ურთიერთობის ის დონე, რაც რუსეთთან აქამდე იყო, ცუდია.
ამის შესახებ ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა. გეგეშიძე ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაია ფანჯიკიძის შეხვედრას ესწრებოდა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ბევრი შეკითხვა დაისვა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა.
გეგეშიძის განცხადებით, მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე.
"ბატონი ქერი კარგად იყო ინფორმირებული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცა შეკითხვები დაისვა, რაზეც ქალბატონმა მაიამ ამომწურავი პასუხი გასცა. მათ შორის, კითხვები ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამა თუ იმ მიმართულებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სახელმწიფო მდივანმა გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა ამ მიმართულებით; დაინტერესდა აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობით. მისი მხრიდან იგრძნობოდა დაინტერესება საქართველო - რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით წინსვლა დაფიქსირდეს. მას მიაჩნია, რომ რუსეთთან ის დონე ურთიერთობის, ანუ არარსებული ურთიერთობა, რაც აქამდე იყო, ცუდია. ქერის ამ დაინტერესებით და შეკითხვის ტონალობით იგრძნობოდა, რომ ის მოწადინებულია რამენაირად, ოდნავ შემსუბუქდეს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის", -განაცხადა გეგეშიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რეფორმებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ასევე დაინტერესდა იმით, თუ ზოგადად სიღარიბის დაძლების კუთხით რა კეთდება ქვეყანაში. "რა თქმა უნდა, განხილული იქნა ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები", - დასძინა გეგეშიძემ.