ამ წუთებში თბილისში, თურქეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს საქართველოს სომხური სათვისტომოს ორგანიზებით, რომელსაც უერთდება "ერეკლე მეორის საზოგადოება".
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პატივს მიაგებენ ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებულ სომეხთა გენოციდის მსხევრპლთა ხსოვნას. აქციის მონაწილეებმა შეასრულეს სომხეთის ჰიმნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეები სომხურ ენაზე გამოდიან სიტყვით, ისმის შეძახილები - "აღიარეთ". აქციის მონაწილეების თურქეთისგან გენოციდის აღიარებას მოითხოვენ.
საქართველოში მოქმედმა სომხური სათვისტომოს ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს მთავრობას, რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს 1915-23 წლებში ოსმალთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვა.
თურქეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ოსმალთა იმპერიის ისტორიაში სომეხთა გენოციდის არსებობის ფაქტს. როგორც პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმნული “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არავითარი გენოციდზე ლაპარაკი არ შეიძლება რომ იყოს. ერდოღანის აზრით, ამ მოვლენების შეფასება არა პოლიტიკოსების, არამედ ისტორიკოსების და იურისტების საქმეა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის მის არქივებში არსებული ისტორიული მასალები გამოაქვეყნოს და იგივეს გაკეთებისაკენ სომხეთსაც მოუწოდებს. ერდოღანი ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ გენოციდის გამოყენებას შეცდომად მიიჩნევს.