14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში უნდა შესულიყო, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა იმავე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა. მათ შორის უდიდეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა.
დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო "აი, ია".
ანალოგიური პროცესები ბათუმშიც განვითარდა. იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, საიდანაც ასევე ამოღებული იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.
ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისას ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.
ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.