უზენაესი სასამართლო მანანა კობახიძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარლამენტის ვიცე სპიკერის მიერ ორ მოსამართლესთან - მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძესთან , დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
"ქალბატონი მანანა კობახიძე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც აცხადებს, რომ მ. ჩინჩალაძეს და ლ. მურუსიძეს სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდათ მანამდე, სანამ მოსამართლეები გახდებოდნენ. ორივე მათგანი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატში და შემდეგ უკვე ლ. მურუსიძემ 11 თვე, ხოლო მ. ჩინჩალაძემ დაახლოეობით 3 წელი იმსახურეს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, რის შემდეგაც უკვე ჯერ ლ. მურუსიძე, შემდეგ კი მ. ჩინჩალაძე შეუდგნენ მოსამართლედ მუშაობას", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.
მათივე განმარტებით, სრულიად გაუგებარია ისიც, რატომ კეთდება აპელირება ე.წ. "პროკურატურიდან მისულ კადრებზე".
"სასამართლო სისტემას და პროკურატურას შორის კადრების გადანაცვლების პროცესი სრულიად ბუნებრივია არამარტო საქართველოსთვის, არამედ წამყვანი დასავლური ქვეყნებისთვის (მაგ. ა.შ.შ.-ში, გერმანიაში და ა.შ.). საკმაოდ ხშირია, როდესაც პროკურორი ხდება მოსამართლე ან პირიქით მოსამართლე გადადის პროკურატურის სიტემაში და ეს ჩვეულებრივ დამკვიდრებული პრაქტიკაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლო ასევე სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე ჩინჩალაძემ ისარგებლა დუმილის უფლებით.
"ეს რაც არის მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაცია. ამგვარ ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს მოსამართლის და შესაბამისად პიროვნების პროფესიული ღირსების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რაც დასანანია ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად, როდესაც ასეთი განცხადების ავტორად გვევლინება მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ავრცელებს სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალბატონ ვიცე-სპიკერს გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, რომ ამგვარი რამ მოხდა, ვთხოვთ დაასახელოს კონკრეტული საქმე, მისი განხილვის თარიღი და სასამართლო, სადაც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასეთს, ცხადია, იგი ვერ დაასახელებს, თუნდაც ელემენტარულად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროკურატურაში მუშაობისას, მაღალი რანგობრივი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მ. ჩინჩალაძეს არ უწევდა სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლო პროცესებზე გამოსვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ მოსამართლეებზე განცხადება 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.