საპრალამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში გაცდა ზღვარს, რომლის იქითაც სახელმწიფო ზიანდება.
დავით ბაქრაძე იმედს იტოვებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიებისა და პრეზიდენტის დაკითხვის შესახებ წულუკიანის მხრიდან გაკეთებული განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩება.
"2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება ჩაატარა. გახსოვთ მაშინ ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. საპარლამენტო კომისიაში მისული იყო პრეზიდენტი და მან კომისიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა. გარდა ამისა, ევროკავშირმა შექმნა მთელი საგამოძიებო სტრუქტურა ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელიც შეხვდა ყველა მხარეს და დაიდო დასკვნა, რაზეც ყველამ თქვა, რომ იყო საკმარისი და ადეკვატური დასკვნა. ამის ფონზე ვერ ვხედავ რას უნდა ემსახურებოდეს ამ პროცესების ხელახალი გამოძიება. თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მაინცდამაინც ის დავამტკიცოთ, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ, რომ ქართველები ტერორისტებს ვამზადებთ და ისეთი ცუდი სახელმწიფო ვართ, როგორც საქართველოს რუსეთის ზოგიერთი მაღალი თანადებობის პირი აფასებს, მაშინ გასაგებია. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებების უკან ეს მიზანი დგას", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერი წულუკიანის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლოდ აფასებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე გუშინ ისაუბრა.
როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.
მინისტრის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.