კულტურის სამინისტროს თხოვნა რომელიც იშხანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერებას გულისხმობს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქულ მხარეს გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, კულტურული ძეგლების თემა ორ ნაწილად არის გაყოფილი. მისივე განმარტებით, ერთი მხრივ, ეს არის წმინდა ექსპერტული საკითხები, რომელიც ეხება ამათუიმ ძეგლის რესტავრაციის კონკრეტულ მექანიზმს, კონკრეტულ პრცედურას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას ცილდება და ამაზე უნდა იმუშაონ ექსპერტებმა, ხელოვნებათ მცოდნეებმა და ა.შ.
"ჩვენ ვართ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. ჩვენ მოგვმართა კულტურის სამინისტრომ თხოვნით, რადგან მათი ინფორმაციით, იქ არის დარღვეული კონსერვაციის გარკვეული პროცედურები. ჩვენ ეს თხოვნა გადავეცით თურქულ მხარეს საელჩოს საშუალებით. ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია, რადგან ეს სულ ცოტა ხნის ამბავია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა რომ როგორც კი პასუხი ექნებათ ისინი კულტურის სამინისტროს გადაუგზავნიან.