საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი - დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არასდროს დადგეს".
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა პატივსაცემად გამართული მიღების ცერემონიალის მიმდინარეობისას განაცხადა.
"22 წლის წინ ამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა წყობა ისევ არსებობდა. მაშინდელი ეს ისტორიული მოვლენა და გადაწყვეტილება გმირობის ტოლფასი იყო. რამეთუ მაშინდელი იმპერია ყველაფრისთვის მზად იყო. ხალხში იყო მზაობა ნებისმიერი განსაცდელისთვის და ეს დადასტურდა 1989 წლის 9 აპრილს. 2 წლის შემდეგ 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა და როგორც ქართველებმა, ისე საქართველოში მცხოვრებმა სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებმა ერთხმად ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა. დღეს ძალიან სიმბოლური დღეა, ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. მინდა, გამოვხატო დიდი პატივისცემა თქვენდამი, რომ ეს შეძელით. განსაკუთრებული პატივი მინდა მივაგო ამ ყველაფრის შემოქმედს ზვიად გამსახურდიას და მის ხსოვნას, ასევე იმ ხელმომწერებს, ვინც ამ დღეს ვერ მოესწრო. მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, რომ 22 წლის წინ ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს აქტს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ დღეს ჩვენ ვართ. ამ წლების განმავლობაში მიუხედავად ხიფათისა და გაუგებრობებისა, არავის დაუყენებია ეჭვისქვეშ ეს დიდი ისტორიული მოვლენა და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არასდროს დავაყენოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.