თუ ვინმე ცდილობს, რომ პირი მოხოცოს ან სისხლიანი ხელები დაბანოს პუტინს, ეს ალბათ მხოლოდ მისი პრობლემაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომელიც 8 აგვისტოს მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.
გიორგი ბარამიძის შეფასებით, ეს განცხადებები მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
"რაც შეეხება უშუალოდ სამართლებრივ მხარეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ხოლო პოლიტიკურად ასეთი განცხადებები რომელიც მთავრობის წერვებისგან კეთდება, მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხავს წყალს", - განაცხადა ბარამიძემ. მისი თქმით, საკითხი კარგად არის შესწავლილი, არსებობს ტალიავინის დასკვნა, სადაც ნათლად არის ჩამოყალიბებული თუ რა გააკეთა რუსეთმა და რა - ქართულმა მხარემ. ასევე ის, რომ რუსეთი აგრესორია და მან განახორციელა ეთნიკური წმენდა.
"თუ ვინმე ცდილობს რომ პირი მოხოცოს ან სისხლიანი ხელები დაბანოს პუტინს, ეს ალბათ მისი პრობლემაა მხოლოდ. საქართველოს მთავრობა კარგად უნდა დაფიქრდეს და თავის წევრს მოუწოდოს იმოქმედოს საქართველოს ინტერსების სასარგებლოდ და არა მის საზიანოდ", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე გუშინ გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.
მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.
"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ამოცანაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში", - განაცხადა წულუკიანმა.