პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები გამართა.
უსუფაშვილმა ვარშავაში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სამახსოვრო წიგნში შესაბამისი ჩანაწერიც გააკეთა.
"ჩვენ საჭიროდ და აუცილებლად ჩავთვალეთ, მოვსულიყავით უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, სადაც მრავალი პოლონელი გმირი განისვენებს, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას თავი შესწირეს. ასეთ გმირობებს არ აქვთ საზღვარი და პოლონელი ვაჟკაცების გმირობით ჩვენ ისევე ამაყები ვართ, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის საკუთარი სამშობლოს დამცველით უნდა იამაყოს ჭეშმარიტმა თავისუფლების მოყვარე ადამიანმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი გმირების მამაცობა სათანადოდ არ ფასდება.
"მამაცი ვაჟკაცები საქართველოს არასოდეს აკლდა, მაგრამ მათი ისეთი დაფასება, როგორიც კონკრეტულად პოლონეთშია, ჩვენ მისაღწევი გვაქვს. მე ვისურვებდი ესეც გაგვეთვალისწინებინა ჩვენ ქვეყანაში და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იცავენ საქართველოს და რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი პოლონეთში ვიზიტის თაობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის ახლად არჩეული პარლამენტის და მისი თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ევროკავშირის ქვეყანაში.
"ჩვენ გადავწყვიტეთ პირველ რიგში ვარშავაში ჩამოვსულიყავით, რადგან პოლონეთი იყო და რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ და ნაცად მეგობრად აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ბევრი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მათ შორის სამწუხარო საერთო ისტორია გარკვეული წლების განმავლობაში. ჩვენ ჩამოვედით, რათა გვეთქვა ჩვენი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის, რომ წარმოვადგენთ ახალ მთავრობას, მაგრამ იმავე საქართველოს. დაინტერესებულები ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები, როგორც ორმხრივად, ასევე ამ ქვეყნის დახმარებით ევროკავშირთან, ნატო-სთან და დემოკრატიულ საზოგადოებასთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.