დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იეშტრაბი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 24 წელი შესრულდა.

24 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველობას რუსული ტანკები დაუპირისპირდა. რუსეთის იმპერიამ საქართველოს დედაქალაქში “ხანძრის” ჩაქრობა ნიჩბებით, ცრემლსადენი და მომწამლველი აირით, სხვა საშუალებებით სცადა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მაშინ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველმა ერმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

24 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს რუსულ ტანკებს და იმპერიის ჯარისკაცებს ემსხვერპლნენ: ადამია აზა – 22 წლის, ბეჟანიშვილი ეკა – 16 წლის, გიორგაძე ნატო – 23 წლის, დოლიძე თამუნა – 28 წლის; ენუქიძე თინა – 70 წლის; თოიძე ნინო – 25 წლის, კიკვიძე ზაირა – 61 წლის, ლოლაძე მანანა _ 33 ელის; მამულაშვილი თამარი – 50 წლის; ნოზაძე მამუკა – 22 წლის, სამარგულიანი ნანა – 41 წლის; ჭყონია-სამარგულიანი მარინა – 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო – 25 წლის, ჭოველიძე თამარი – 16 წლის, ჯანგირაშვილი ნოდარი – 40 წლის, ჯინჭარაძე მზია – 43 წლის, მელქაძე მანანა – 23 წლის, ბაშალეიშვილი ნათია – 15 წლის, ქვასროლიაშვილი შალვა, ქარსელაძე გია _ 25 წლის.

9 აპრილის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.