მიტროპოლიტი თეოდორე თურქეთის ელჩს მიმართავს

მიტროპოლიტი თეოდორე თურქეთის ელჩს მიმართავს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) თურქეთის მხარის მიერ იშხანზე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ელევენთ მურათს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს და კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას წერილით მიმართა. 

მიმართვის ტექსტს დღეს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) აღნიშნულ პირებს ატყობინებს, რომ იგი 7-8 აპრილს მცირე დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართული ტაძრები და მონასტრები მოინახულა.

"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხნის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც, ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია და ასევე გაუგებარი, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე", _ აღნიშნულია პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიმართვაში.
მიტროპოლიტი მიმართავს საქართველოს მინისტრებს და ელჩს და გამოთქვამს იმედს, რომ მიიღებენ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იყოს ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში.