დავით უსუფაშვილი - პოლონეთი იყო და რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ მეგობრად აღმოსავლეთ ევროპაში

დავით უსუფაშვილი - პოლონეთი იყო და რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ მეგობრად აღმოსავლეთ ევროპაში

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები გამართა. დავით უსუფაშვილმა ვარშავაში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სამახსოვრო წიგნში შესაბამისი ჩანაწერიც გააკეთა.

"ჩვენ საჭიროდ და აუცილებლად ჩავთვალეთ მოვსულიყავით უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, სადაც მრავალი პოლონელი გმირი განისვენებს, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას და ღირსებას თავი შესწირეს. ასეთ გმირობებს არ აქვს საზღვარი და პოლონელი ვაჟკაცების გმირობით ჩვენ ისევე ამაყები ვართ, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის საკუთარი სამშობლოს დამცველით უნდა იამაყოს ჭეშმარიტმა თავისუფლების მოყვარე ადამიანმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე სინანული გამოთქვა, რომ ქართველი გმირების მამაცობა სათანადოდ არ ფასდება.

"მამაცი ვაჟკაცები საქართველოს არასოდეს აკლდა, მაგრამ მათი ისეთი დაფასება, როგორიც კონკრეტულად პოლონეთშია, ჩვენ მისაღწევი გვაქვს. მე ვისურვებდი ესეც გაგვეთვალისწინებინა ჩვენ ქვეყანაში და დავაფასოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იცავენ საქართველოს და რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი პოლონეთში ვიზიტის თაობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის ახლადარჩეული პარლამენტის და მისი თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ევროკავშირის ქვეყანაში.

"ჩვენ გადავწყვიტეთ პირველ რიგში ვარშავაში ჩამოვსულიყავით, რადგან პოლონეთი იყო და რჩება საქართველოს ყველაზე ძლიერ და ნაცად მეგობრად აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ბევრი გვაკავშირებს ერთმანეთთან, მათ შორის სამწუხარო საერთო ისტორია გარკვეული წლების განმავლობაში. ჩვენ ჩამოვედით, რათა გვეთქვა ჩვენი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის, რომ წარმოვადგენთ ახალ მთავრობას, მაგრამ იმავე საქართველოს. დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები, როგორც ორმხრივად, ასევე ამ ქვეყნის დახმარებით ევროკავშირთან, ნატო-სთან და დემოკრატიულ საზოგადოებასთან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციამ ვარშავის ისტორიული ნაწილი და სამეფო სასახლე მოინახულეს. დავით უსუფაშვილს პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა ჰქონდა.