როგორც “პრაიმერს” აცნობეს, ორი დღის წინ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე “სოფია მელნიკოვას ფანტასტიკურ დუქანში“ სასტიკად სცემეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
წყაროს ინფორმაციით, დუქანში ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ამ „ფანტასტიკურ“ დაწესებულებაში რამდენიმე უცნობი პიროვნება შევიდა (სავარაუდოდ, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები”. „მათ იცნეს დუქანში მყოფი ქადაგიძე, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ახლდა თან, მივიდნენ მაგიდასთან და მიმართეს- შენ აქ რა გინდაო? კითხვას პასუხად გინება მოჰყვა. მოკლედ, ისეთი ჩხუბი ატყდა, პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. საპატრულო ეკიპაჟის მოსვლამდე უცნობმა პირებმა ქადაგიძე და მისი თანამეინახენი სასტიკად სცემეს.
”პრაიმერის” ინფორმაციით, ინციდენტში ქადაგიძის მხრიდან მონაწილეობდნენ: პაატა მესხიშვილი, ივანე ცაგურია და ლაშა ჯუღელი. დუქნის მენეჯერი იმ დღეს იყო ვალერი ბარათაშვილი. წყარო აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა პოლიციასთან პრეტენზიები არ დააფიქსირა. გარკვეულია ისიც, რომ ინციდენტის მონაწილეები პოლიციას ადგილზე არ დახვედრიან.
”პრაიმერი” „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკური დუქანს“დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს პასუხი მენეჯერმა დავით სამადაშვილმა გასცა:
-ბატონო დავით, დუქანში დაპირისპირება მომხდარა ამ ორი დღის წინ.
-დიახ, ქალბატონო, სამწუხაროდ, არ ვიყავი იმ დღეს მე მორიგე, ამიტომ ამ ინციდენტის დეტალები ჩემთვის უცნობია.
-ანუ, ინციდენტს ადასტურებთ?.
-მითხრეს რომ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე არ ვიყავი იმ დღეს და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
პრაიმერი” კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. ნინო გიორგობიანის თქმით: „როდესაც პატრული ადგილზე მივიდა, ინციდენტი ამოწურული იყო და მომჩივანი არავინ, ამიტომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა“.