კულტურის სამინისტრო იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვს

კულტურის სამინისტრო იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვს

კულტურის სამინისტრო იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროებით შეჩერებას ითხოვს.

ამის შესახებ კულტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ თურქეთიდან, იშხანში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ჩამოტანილი ანგარიშის გაცნობის შედეგად, კულტურის სამინისტროში დღეს თათბირი გაიმართა. საკითხის განხილვას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, მისი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს წევრები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ტაო-კლარჯეთში ვიზიტი დაიგეგმა. იშხნის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ადგილზე გასაცნობად, თბილისიდან, დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის ხელმძღვანელობით. სამინისტრო გეგმავს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მურათ ბურჰანის მოწვევას. დიპლომატთან შეხვედრამდე კი კულტურის სამინისტროდან დღესვე გაიგზავნა წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მაია ფანჯიკიძის უწყებას თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვს, იშხანში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.