გასულ კვირას თბილისში მყოფი გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს. გერმანული მედიით გავრცელებულ განცხადებებში ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს , რომ გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისკენ.
"2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში გაჩნდა ახალი ცხოვრების დასაწყისის განცდა. ახალმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით განსაზღვრა გადაუდებელი პრიორიტეტები სამართლებრივი სისტემის გასაუმჯობესებლად და ახალი სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას კიდევ უფრო დემოკრატიული საზოგადოების დამყარებისკენ. აღდგენილია სიტყვის თავისუფლება, ასევე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. დასრულდა პოლიტიკური ჩარევა საჯარო დაწესებულებების მუშაობაში. ხელისუფლება ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციასთან.
ბრალდებებისა და საჩივრების დიდი რაოდენობა, რომლებითაც ითხოვენ წინა ხელისუფლების არაკანონიერ მოქმედებებზე რეაგირებას, ამჟამინდელი ხელისუფლების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა. პირებს, რომელთა უფლებებიც შეილახა პოლიციის განყოფილებებში ან რომელთაც უკანონოდ ჩამოართვეს საკუთრება, იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება შექმნის მართლმსაჯულების ახალ, დამოუკიდებელ სისტემას. შედეგად, მკვეთრად იკლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობამ. გარდა ამისა, ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომელსაც ემსახურება ეუთოს დამკვირვებელთა მოწვევა ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მარტში დაიწყო. სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი უარს აცხადებს ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატულ კოჰაბიტაციაზე", - მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი.
ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნულს თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ სააკაშვილი აყოვნებს მინისტრების მოადგილეებისა და საელჩოებში საკვანძო თანამდებობებზე პირთა დანიშვნას, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების საქმიანობისათვის ხელის შეშლის შეგნებული ცდა.
"მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სააკაშვილი უარს აცხადებს კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მიღწეულ იქნა მოსამართლეებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან დეტალური მოლაპარაკებების შედეგად. ეს არის პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი, რითაც ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ესოდენ საჭირო რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში.
გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისკენ. ძალიან გაჭიანურდა დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის იმედისა და რეგიონში დასავლეთის გავლენის გარანტის, მხარდაჭერა. დადგა დრო, იგი დაარწმუნონ, რომ მიუღებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და საჭიროა ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პროგრესული ნაბიჯების საბოტაჟირების შეწყვეტა", - მიიჩნევს ვიოლა ფონ კრამონი.