საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ყველა ქვეყანამ საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ძეგლებს უნდა მოუაროს".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს რაბათის ციხის კომპლექსზე დაგეგმილი სამუშაობის განახლების კომენტირებისას განუცხადა.
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სპეციფიკაზე ჩემი კომენტარი ვერ იქნება აქ, რადგან ეს არის კულტურის სამინისტროს პრეროგატივა, ზოგადად ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ასეთია, ორივე ქვეყანამ და საერთოდ ყველა ქვეყანამ უნდა მოუაროს თავის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ ძეგლებს და შეინარჩუნოს მათი ისტორიული ფასეულობა, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ეს ძეგლი. ეს ეხება ქართულ ძეგლებს თურქეთის ტერიტორიაზე და თურქეთის კულტურის ძეგლებს საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნებისას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მათ უნდა მოვუაროთ. ეს არის ჩემი ზოგადი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. კონკრეტულად იქ რა არის გასაკეთებლი შესაცვლელი თუ სხვა ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლების ოშკისა და იშხნის აღდგენას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით, ფანჯიკიძის თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
"კონკრეტულად რომელი სპეციალისტი როდის გაემგზავრება ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.