იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უახლოეს მომავალში ვიდეორგოლის გამოქვეყნებას გეგმავს, თუ მოქალაქის რა ინფორმაციის მიბმას გეგმავდა წინა ხელისუფლება ID ბარათის ჩიპზე.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ID ბარათთან დაკავშირებით შიდა კვლევაში პირადად ვიყავი ჩართული და დავადგინე, ყოველი ის ინფორმაცია, რომელიც დაცულია ამჟამინდელი პირადობის მოწმობის ე.წ. ჩიპზე, გახლავთ ის ინფორმაციები, რომელიც თავად ID ბარათზე წერია, პლიუს მოქალაქის მისამართი. ჩიპზე არ ეტაპზე მეტი არაფერია. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი მთავრობაც იზიარებს, მეტი დამატებითი ინფორმაცია ID ბარათის ჩიზპზე არ უნდა შეინახოს. მე მალე ვიდეორგოლს გამოვაქვეყნებ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება ID ბარათის ჩიპზე მოქალაქის ინფორმაცია მიება. ის ინფორმაცია, რაც დღეს ინახება – გვარი, სახელი, დაბადების ადგილი, თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი, მეტი ინფორმაციის შენახვას ეს ჩიპი არ საჭიროებს", - განაცხადა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრი უახლოეს მომავალში წმინდა სინოდისთვის მიმართვას გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირებმა ID ბარათთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების გეგმებზე რელიგიური შეფასება გააკეთონ.
"იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურდა წინა ხელისუფლებას და ვერ მოსაწრო, მომავალ დღეებში მივმართავ წმინდა სინოდს და მათგან ამ მონაცემების რელიგიურ შეფასებას მოვითხოვ. მინდა, მათგან მოვისმინო კვლიფიციური აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა რელიგიურ დოგმებს ეწინააღმდეგებოდეს. ასევე მინდა, მივმართო იმავე შეკითხვით რელიგიურ უმცირესობებსაც, თუკი მათ სურთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს თავიანთი აზრი მიაწოდონ. მას შემდეგ, რაც პასუხს მივიღებთ, პარალელურად დასრულებული გვექნება სოციოლოგიური კვლევა ID ბართთან დაკავშირებით და ზაფხულისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლება", - განაცხადა წულუკიანმა.