იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ვეტოს არ დაადებს.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმა არის კარგი და პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. ეს ასეც რომ მოხდეს, ჩვენ მაინც გვაქვს შესაბამისი ბერკეტები, რომ ეს ვეტო დავძლიოთ. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს კანონი შევა ძალაში და ამას წინ ვეღარაფერი დაუდგება. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს პარლამენტში 6 წევრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისთვის ღირსეული კანდიდატების შერჩევა და არჩევა და რაც მთავარია, ქართველ მოსამართლეებს მინდა, ვუთხრა, რომ მათთვის დგება გადამწყვეტი ისტორიული მომენტი, რომ მათ ჩაატარონ მოსამართლეთა კონფერენცია თავისუფალ პირობებში. ჩვენ კენჭისყრა მათთვის დავხურეთ, რომ მათ საკუთარი ნების შესაბამისად, ხელმძღვანელობის კონტროლის მიმართ, მათ შეეძლებათ აირჩიონ ის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათი ღირსეული წარმომადგენელი იქნება. მოსამართლეთა კონფერენცია არის ქართველი მოსამართლეების თავისუფლების ბოლო შანსი. იმედი მაქვს, რომ თავისუფლების ამ ბოლო შანსს ისინი გამოიყენებენ ისე, როგორც უნდა გამოიყენონ და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ღირსეული და ეფექტიანად მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო ღრმა რეფორმირებას საჭიროებს.
"ამით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გააკეთა 9 წელიწადში. 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ ითელებოდა მოსამართლის ღირსება და ჩვენ ვცდილობთ ეს შევცვალოთ. თუკი მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტს, რომ ამა თუ იმ მოსამართლის ადგილი არ არის მართლმსაჯულებაში, ეს უკვე მათი საქმეა. მართლმსაჯლუების რეფორმები გაგრძელდება. იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, მომავალში ძალიან ღრმა რეფორმა უნდა ჩატარდეს. რეფორმებს საჭიროებს ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლაც", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და საბჭოს არჩევის წესი ახლებურად რეგულირდება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 5 აპრილს მესამე მოსმენით, 82 ხმით 24-ის წინააღმდეგ, მიიღო.
კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს.
კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება, იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება კი მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს ექნება.
ამავე ცვლილებებით, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.
კანონპროექტის განხილვისას უმცირესობის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ კანონპროექტის მიღებას არ ეთანხმება. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.