ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელია მკვლელობის "ფინანსურ მხარდამჭერად" საკუთარ ცოლის ძმას, სოსო პავლიაშვილს ასახელებს. ამის შესახებ ჩხაპელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომლის ფრაგმენტიც გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
"ანტონს ფარული უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან. ანტონი სოსოს დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სისტემატურად ართმევდა. სწორედ ამ ფაქტების სიმრავლის გამო გადავწყვიტეთ მე და სოსომ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც მე ვითავე, ხოლო ფინანსური დახმარება სოსომ გამიწია", - აცხადებს ჩხაპელია და აღნიშნავს, რომ მიზანი ადუაშვილის მოკვლა არ ყოფილა.
მისი თქმით, ადუაშვილის დასჯაში მასთან ფიზიკურად გასწორება იგულისხმებოდა.
"სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა. ზაფხულის პერიოდში დავუკავშირდი ერთ ჩემს ახლობელს, თემურ ქობალიას - "მუხას"... ვუთხარი, რომ ერთ ძალიან ცუდ პიროვნებასთან მქონდა პრობლემები. ეს მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამ კაცისთვის ჭკუის სწავლება მინდა-მეთქი. ქობალიამ დახმარებაზე უარი მითხრა. მეორე დღეს თემურ ქობალიამ თავისი ახლობელი გელა უბილავა გამაცნო", - აცხადებს ჩხაპელია. მისი თქმით, უბილავა შეკვეთის შესრულებაზე 50 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა.
"თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო უკრაინიდან ჩამოვიტანე. ის სოსო პავლიაშვილმა მომცა (დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 000 დოლარიც ნაწილ-ნაწილ მივიღე) - მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ კაცი მყავდა ნანახი, რომელიც ავთო ადუაშვილის დასჯაში დამეხმარებოდა. სოსო პავლიაშვილმა მკვლელობის ამბავი რამდენიმე საათში გაიგო, თუმცა არაფერი უთქვამს. 10 000 ევრო მომცა ჭირისუფლებისთვის მისაცემად, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ... ბოლოს სოსო 10-12 დეკემბერს ვნახე ერევანში, იქ კონცერტები ჰქონდა. მიღებული ჰონორარიდან 10 000 დოლარი და 10 000 ევრო გამომატანა თბილისში. 10 000 დოლარი ხელოსნებისთვის უნდა გადამეცა საფლავის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ევრო ჭირისუფლებისთვის უნდა მიმეტანა", - ამბობს ჩხაპელია.
ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. როგორც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, პავლიაშვილთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს დევნის დასაწყებად საკმარისი არ არის.
ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან მისი სახელის დაკავშირებაზე რამდენიმე დღის წინ НТВ-ს ეთერში ისაუბრა სოსო პავლიაშვილმა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომელმაც მისი თქმით, "ეს ნაბოდვარი უარყო".