საქართველოს დელეგაცია 8-11 აპრილს, ნორვეგიაში, ოსლოში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის მე-9 რეგიონულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წევრების დამტკიცების შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დელეგაციაში შედიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კახაბერ საკანდელიძე; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიშა კორძახია; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
პრემიერის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, კახაბერ საკანდელიძისათვის მივლინების ხარჯები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაფინანსდება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრის წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ მიშა კორძახიას მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულისათვის არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში.