პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 8-10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის, სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩის შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვარშავაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტებსაც შეხვდება.