საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ვაშაძეს აინტერესებს, "რა დროს რაბათის სახურავია?!"
"საკითხი არის ძალიან მარტივი და საერთოდ, მეცინება. ამ ახალ ხელისუფლებას მეტი საქმე არ აქვს ახლა, რაბათზე რომ არ ისაუბროს?! ასაშენებელია ცოტა, დასასაქმებელია ცოტა?! აგერ ხალხს პრობლემები აქვს. მოახმაროს თავის ენერგია იმას, რომ დაპირებები შეასრულოს და ხალხს ყოველდღიური ცხოვრება შეუმსუბუქოს. რა დროს რაბათის სახურავია და რა დროს რაღაც 3 არქიტექტორის პრინციპული პოზიციაა, რომ გინდა თუ არა, ტყვიისფერი უნდა იყოს თუ თუთიის ფერი უნდა იყოს თუ რაღაცა ფერი უნდა იყოს სახურავი?!", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ მომზადებულ დოკუმენტზე, რომელიც ქართული და თურქული ძეგლების დაცვას შეეხება. ხელშეკრულების პროექტი ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამასთან, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს, მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები გამოიტანოს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს თურქული მხარის მოთხოვნა, მითუმეტეს კატეგორიული, არ ყოფილა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გუმბათი დარჩება ოქროსფერი, ხოლო ყველა სხვა საკითხი სპეციალისტებთან განხილვის თემა იქნება. კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით კი, "ეს საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის".