ნაძალადევის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ კორძაიას განცხადებით, ის გმობს ყველანაირ დისკრიმინაციას, თუმცა ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებისთვის არასდროს უბძოლია.
"როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს თმენის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამიტომაც, თავს მოვალედ ვთვლი, დავგმო ჩემს წინააღმდეგ ბოლო დღეებში აგორებული კამპანია და ზოგიერთი რამ განვმარტო კიდეც. ქართველმა ამომრჩეველმა უკვე დაამტკიცა ის, რომ იგი გმობს ძალადობრივ პოლიტიკას და არავის აპატიებს ადამიანის ღირსების შელახვას. მეამაყება, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა მთლიანად მივუძღვენი ადამიანის ღირსების დაცვას და კენჭს ვიყრი იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისათვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანის ღირსებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა". მე ყოველთვის ვგმობდი ძალადობას, რომელიც ნებისმიერი ამ ნიშნის მიხედვით ადამიანების დისკრიმინაციის თანმდევი მოვლენაა, თუმცა არასდროს მიბრძოლია ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებისთვის, როგორც ამას ოპონენტები ამტკიცებენ. სამწუხაროდ, ეს თემა პოლიტიკური მანიპულაციის და ე.წ. შავი პიარის იარაღად არის გამოყენებული, თუმცა ჩემი ოპონენტებისაგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ, ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველი ამ ანკესს არ წამოეგება. როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და დედა, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ადამიანთა თანსწორობა და ღირსება აღარ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, არამედ გახდეს რეალურად დაცული ინტერესი", -აცხადებს კორძაია.