პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, ყოვლაწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე წირვას ესწრება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მდებარე ხარების სახელობის ეკლესიაში წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი იაკობი ასრულებს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდო სახელი მისი იესუ".
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოარჩია.
საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვა დღეს თევზით ხსნილია.
დღეს ასევე დიდმარხვის მესამე კვირიაკეა და ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება.
ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის შუა პერიოდში აღინიშნება. იგი მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.
დიდმარხვის შემდეგი კვირა წმინდა იოანე კლემაქსის სახელწოდებით აღინიშნება, რომელმაც ადამიანის განწმენდისათვის და უფალთან მისასვლელად სულიერების კიბე აღწერა. მას სხვაგვარად კიბისაღმწერელსაც უწოდებენ.
დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.