საქართველოს ხვალ, ხუთდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი ეწვევიან. ვიზიტი ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყება. დღის მეორე ნახევარში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციაში შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს წარმომდეგენლები მთავრობის კანცელარიაში გაემგზავრებიან, სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრა.
ვიზიტის მეორე დღეს - 9 აპრილს, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ჩავლენ, სადაც შეხვედრები ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართება. იენსენი და სილევიჩი ახალციხეში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია ლანჩი სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ივანე წიკლაურთან. ახალქალაქში კი, შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელ სედა მელქუმიანთან და სამცხე-ჯავახეთში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელ ედუარდ აღასარიანთან გაიმართება.
10 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, ასევე, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებთან. იმავე დღეს მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს და ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრებს შეხვდებინ.
ვიზიტის ბოლო დღეს, ევროსაბჭოს მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის სახლში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა უმრავლესობის ფარგლებშიც. 11 აპრილს შეხვედრა გაიმართება ასევე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან.
დღის ბოლოს მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი პრესკონფერენციას გამართავენ.
ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისს 12 აპრილს დატოვებს.