ნატო-სკენ გზა თურქეთთან მეგობრობასა და ძმობაზე გადის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში, ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
"რუსეთის იმპერიამ გადაგვკიდა ერთმანეთს. დღეს, აქ ინეგულში, ერთმანეთთან ძმურად ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები და ეთნიკური ქართველები - ე.ი შესაძლებელი ყოფილა აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმურად ცხოვრება. შესაძლებელი ყოფილა კავკასიელთა შორის ძმურად ცხოვრება. თუ დამპყრობელი არ გაგვთიშავს და არ დაგვაშორებს ერთმანეთს, კავკასია ერთიანი, ძლიერი დაუმარცხებელი იქნება და მარადიულ ერთეულად გარდაიქმნება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან იცის, როგორი ძალისხმევა ჩადო ადგილობრივმა მოსახლეობამ კულუტურის შესანარჩუნებლად. "დღეს, ისე, როგორც არასდროს, თქვენ ხართ ხიდი ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. თქვენ, როგორც არასდროს, საქართველოსთვის ხართ ფანჯარა ევროპაში. გზა ნატო-სკენ გადის ასევე თურქეთთან მეგობრობასა და ძმობაზე, თქვენს ერთობაზე. თქვენ ხართ არა უბრალოდ თურქეთის მოქალაქეები, თქვენ ხართ თურქეთის ძალიან წარმატებული მოქალაქეები",-განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან ამ სოფელში ნახა მოვლილი ეზოები, საკარმიდამოები, რომელთა მსგავსი ბევრი უნახავს გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში, სამეგრელოში.
"ახლა, ამ გეოგრაფიას კიდევ ერთი ადგილი პატარა საქართველო შეემატა - ინეგული. ჩემო ძვირფასებო, ახლა ვდგავარ ამ დროშის ქვეშ და ამაყი ვარ ისე, როგორც არასდროს. საქართველო არ არის მარტივ მდგომარეობაში - ჩვენი მიწები დაპყრობილი აქვს მტერს, რომელიც ჩვენს გათიშვას ცდილობს. ცდილობს, რომ ჩვენს გზას ჩამოგვაცილონ, უკან დაგვაბრუნოს. იმის დანგრევაზეც ლაპარაკობენ, რაც აქამდე აშენდა, მაგრამ როდესაც თქვენ გიყურებთ, თამამად ვამბობ: ვერ დაგვიპყრობენ ბოლომდე! იმის გათავისუფლებაც მოუწევთ, რაც დაიპყრეს. კუთხეში ვეღარავინ მოგვიმწყვდევს, ვერ მიგვაბრუნებს უკან, ვერ დაგვანგრევს, რადგან თქვენ ხართ ქართველები, ჩვენ ვართ ქართველები და ძლიერები, რადგან ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ. ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, ჩვენ ვართ აღმშენებლები, ჩვენ ვართ ერთიანები",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.