რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შემახსენა, რომ მის ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბურსას რაიონის ქალაქ ინეგულში, ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ინეგულში ჩასვლა მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ადგილი არა მარტო გავს საქართველოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკისა და ენერგეტიკის მატარებელია საქართველოსთვის.
"ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში, ძალიან ბევრი თაობა, მთლიანად საქართველო გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა. ძალიან ბევრი ცდილობდა საქართველოს განადგურებას და თუ გინდათ პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ გადარჩა ქართველობა, როგორ გადარჩა ჩვენი გენი, ჩვენი ჯილაგი, ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ყველაზე ადვილად მას მიიღებთ აქ, ინეგულში, თურქეთის შუაგულში, რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ!
ჩემო მეგობრებო, მართლაც შეუძლებელია ცრემლების გარეშე უყურო 103 წლის ბებიას, რომელმაც შეინარჩუნა ქართველობა და ლაპარაკობს ქართულად; ამ პატარა ბავშვებს, რომლებიც ინარჩუნებენ ქართველობას და უფრო დიდი ქართველები არიან, ვიდრე წინა თაობები. ეს არის ჩვენი განსაკუთრებულობა. ვიცი, რომ ქართველები ძალიან წარმატებული არიან ამ ქვეყანაში და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში. ამას წინათ ეგვიპტეში ვიყავი, სადაც ყოველ ნაბიჯზე მახსენებდნენ, რომ ეგვიპტის ისტორიაში ამ ქვეყნის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ქართველებსა და შავი ზღვის ხალხებს - მამლუქებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ერაყი ქართველის შექმნილია. დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილო აფრიკას ქართველები მართავდნენ. ასევე, განსაკუთრებულია ქართველების როლი ამ სახელმწიფოში. ჩვენ საუკეთესო ვართ ბიზნესში. ძალიან ძლიერები ვართ სახელმწიფოს მართვის საქმეში. თქვენ ხართ საუკეთესოები... პარლამენტში, განათლებაში, სპორტში - ვიცი რამდენი წარჩინებული ქართველია აქედან გამოსული",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა ვრცელი და ძალიან თბილი შეხვედრა "ათა თურქის შემდეგ თურქეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მოღვაწესთან, პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან". "მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მის ძარღვებშიც ჩქეფს ქართული სისხლი. ქართველები ვართ ყველგან და განა შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ თქვენმა შემყურემ სიამაყით არ ვთქვა: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ! მით უმეტეს, როდესაც მახსენდება რამხელა როლი ითამაშეს ქართველებმა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში. ჩვენ ვმეთაურობდით ამერიკის არმიას, პოლონეთის არმიას, მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, სპარსეთის სახელმწიფოს",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.