რაბათის საკითხი კომპლექსური პრობლემაა, რაზეც სპეციალისტები მუშაობენ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ ბათუმში, ხელოვნების ცენტრში გუშინ განაცხადა. კულტურის მინისტრმა განმარტება გააკეთა რაბათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ მისთვის ცნობილია და გაეცნობა, თუ რა საკითხებზე ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში საუბარი.
"მე ვიცი, რომ პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება. შევსწავლით, სხვა რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტმა, რადგან არა მგონია, მხოლოდ რაბათის გუმბათის ფერზე იყო საუბარი. ალბათ, სხვა საკითხებიც იყო. რაბათის გუმბათთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემაა. იქ არის ცხაურები და სხვა ბევრი რამ, რაზედაც გვქონდა მსჯელობა", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
მისივე განმარტებით, სპეციალისტებმა საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტონ, რა და როგორ ჯობია, რადგან კითხვის ნიშნები არ იყოს საზოგადოებაში.
"კულტურის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არ არის, მაგრამ ჩვენ შევქმენით ფონი და სივრცე, სადაც იკრიბებიან სპეციალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და საუბრობენ საჭირბოროტო საკითხებზე. ბოლო დროს მნიშვნელოვანი საკითხია რაბათის კომპლექსის თემა. გუშინ მოვიწვიეთ სპეციალისტები და საინტერესოდ წარიმართა საუბარი", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, დანარჩენი საკითხები კი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება.
საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს გუშინ შეხვედნენ.
"მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ. შეხვედრისას, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ", - ნათქვამია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.