კომპანიები „საირმე“ და „რაჭის წყლები“ მთავრობის ინიციატივას მოსაკრებლის გაზრდის შესახებ უარყოფითად აფასებენ, მათი თქმით, მოსაკრებლის მყისიერი ზრდა კომპანიის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
შეგახსენებთ: კომპანიების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება წყლის მოსაკრებელს ზრდის. “ბორჯომის”, “ნაბეღლავის”, “საირმისა” და “უწერას” შემთხვევაში მოსაკრებელი სამჯერ გაიზრდება, მტკნარი წყლის შემთხვევაში კი ორჯერ. ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.
მინერალური წყლების კომპანიებს განსხვავებული თანხის გადახდა მოუწევთ. "ბორჯომის" შემთხვევაში 10 ლარის ნაცვლად ტონა წყალი 30 ლარი იქნება, "ნაბეღლავის" – 6-ის ნაცვლად - 18 ლარი, "საირმის" – 6-ის ნაცვლად ასევე 18 ლარი, ხოლო "უწერას" – 4 ლარის ნაცვლად 12 ლარი.
მანამდე, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ “ბორჯომი” ტონა წყალში 10 ლარს იხდიდა, ხოლო ერთ ბოთლს ლარად ყიდდა. ეს კი კომპანიის მხრიდან თითქმის 100–მაგ მოგებას ნიშნავდა. პრემიერი ეკონომიკის მინისტრისგან საკითხის დროულ მოგვარებას ითხოვდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი, საკითხი შეისწავლეს და მინერალურ წყალზე მოსაკრებელი იზრდება.
„ჩვენ გაფორმებული გვაქვს საექსპორტო ხელშეკრულებები, სადაც უკვე დაფიქსირებულია ფასები და გადასახადის ასეთი მკვეთრი ზრდა რა თქმა უნდა ფასების გადახედვას გამოიწვევს. ამან კი შესაძლოა კონტრაქტების გაუქმებაც გამოიწვიოს. ეს იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია გადასახადის საკმაოდ დიდ ზრდაზე“–აცხადებს "საირმის" გენერალური დირექტორი ვახტანგ კოპალეიშვილი.
მისი ინფორმაციით, კომპანიას მთლიანად არ აქვს ათვისებული სალიცენზიო დებეტი, სწორედ ამის გამო გადასახადი ბევრად მეტია იმ კომპანიებთან შედარებით, რომლებსაც უკვე ათვისებული აქვთ ეს დებეტი. კოპალეიშვილის განმარტებით, სწორედ ამის გამო „საირმეს“ 1 ლიტრ წყალში 5–ჯერ და 10–ჯერ მეტი საფასურის გადახდა უწევს. შედეგად, მოსაკრებლის კიდევ გაზრდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და შემდეგ უკვე განვითარებაზე დიდ ზემოქმედებას მოახდენს. როგორც კოპალეიშვილი აცხადებს, წყლის თემა ისეთია, რომ "თეთრის მეათედებიც" კი მნიშვნელოვანია.
მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად ხვდება „რაჭის წყლებიც“. კომპანიის დირექტორის მოადგილე მარინა კევლიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას მოახდენს პროდუქციის ღირებულების გაზრდაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, ისეთი მცირე კომპანიებისთვის, როგორიც „რაჭის წყლებია,“ მთავრობის ინიციატივა შესაძლოა ცუდად აისახოს.
კერძოდ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის დახურვა, მოსახლეობის უმუშევრად დარჩენა და ასე შემდეგ.
„ჩვენ ბაზარზე ადგილი რთულად დავიმკვიდრეთ იმიტომ, რომ ჩვენს გვერდით არის ისეთი დიდი წარმოებები როგორიცაა მაგალითად „ბორჯომი“ და „ნაბეღლავი“. დღეს ბაზარზე ადგილის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება არამარტო ჩვენთვის, არამედ იმ მოსახლეობისთვის, რომელიც სოფელშია დასაქმებული.
კომპანიაში დაახლოებით 30 კაცი მუშაობს და თუკი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების სტრატეგიაში სოფლის აღორძინება და სოფლის გაძლიერება ერთ–ერთი პრიორიტეტია, მაშინ რაჭაში ამ წარმოების გაჩერება ვფიქრობ, არავისთვის არ უნდა იყოს ხელსაყრელი,“–აცხადებს კევლიშვილი.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ზოგადად წყლის ბიზნესი ძალიან რთულად ვითარდება და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კერძოდ, მოსახლეობაში ეკონომიური მდგომარეობა არ არის იმ დონეზე, რომ მისმა დიდმა ნაწილმა სასმელ წყალში ფული გადაიხადოს, როცა წყალს ონკანიდან იღებს.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანაში ხელი უნდა შეეწყოს ამ სექტორის განვითარებას,“ – აღნიშნავს კევლიშვილი.