დღეს, 7 აპრილს, ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 1050 წელი შესრულდა.
ოშკი - X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში. ოშკი ოთხ დიდ კათედრალთაგან (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი) პირველად მიჩნევა. ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით.
სიტყვა "ოშკი" არის უძველესი ზანურ-ჭანური ტოპონიმი, რომელიც მეგრულ შქას, შუას, შუა ადგილს უკავშირდება ისტორიული წყაროების მიხედვით, კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები - ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული.
მიუხედავად ოშკის მნიშვნელობისა მთელი გვიანი შუა საუკუნეები, ის უცნობი იყო ქართული სინამდვილისთვის, სამხრეთ საქართველოს თურქეთის მიერ მიტაცების გამო. მკვლევართაგან ოშკი პირველმა ვენეციელმა სომეხმა სწავლულმა ნ. სარგისიანმა მოინახულა 1843-1853 წწ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ოშკის მონასტერი.
1791 წელს ოშკის ტაძართან ახლოს მოხდა ძლიერი მიწისძვრა (დაახლოებით 9-ბალიანი), რამაც უზარმაზარი კლდეზვავი გამოიწვია, წარმოქმნა თორთუმის ტბა და 52 მ. ჩანჩქერი.
ოშკის ტაძრის გეგმა იმეორებს იშხნის ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით და ამასთან უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მეტრია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈36 მ, ხოლო სიმაღლე ≈40 მ. ოშკის გეგმა, მსგავსად იშხნისა, ჯვრისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე. ი. ჯვრის 3 მკლავი (აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე მკლავი(დასავლეთისა) კი - წაგრძელებული და უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. არსებითად ეს არის ცენტრულგუმბათიანი ტაძრის შერწყმა ერთნავიან ბაზილიკასთან.
ოშკის ტაძარი ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის საზედამხედველო განადგურების პირას მყოფ ძეგლთა სიაში მოხვდა. აღნიშნულ სიაში მოხვედრა ამ საზოგადოების მიერ ძეგლის მდგომარეობის აღიარებას ნიშნავს, რაც სავარაუდოდ, ოშკის ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, ოშკის რესტავრაცია დაიწყება ქართული მხარის მიერ.
სამწუხაროდ ტაძარი დღემდე დაუცველია და მუდმივად იძარცვება (მაგ. 2006 წელს გაქრა ტაძრის სამხ.-აღმ. ფასადის ბარელიეფი.)