დღეს,7 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება იოანე ოქროპირის ლიტურგია. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.
ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.
პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: "გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის." მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული". მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: "როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?" ანგელოზმა მიუგო: "სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ." მაშინ მარიამმა თქვა: "აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ" და განეშორა მას ანგელოზი.
როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან".